ზეინაბ სარია

არ წამიკითხოო?..

მის ლექსებს რომ ვკითხულობ, სულ იმას ვფიქრობ, რომ წერის პროცესს (ხოლო მკითხველისთვის – კითხვის, წვდომის, მიხვედრის პროცესს) შეუძლია ავტორი (ან მკითხველი) საკუთარი ზღვარდადებული ცნობიერებიდან აიყვანოს უფრო მაღალ და ვრცელ  არეში, ზეცნობიერში; კალმის საშუალებით თვითგამოხატვა, კალამთან შეზრდა საკუთარი მენტალობის შესაძლებლობათა გაფართოებაა, შეზღუდულ-შემოსაზღვრული ჯადოწრის მიჯნათა გარღვევაა. ეს იმიტომ, რომ კალამთან შესისხლხორცება სხვა არა არის რა, თუ არა უშუალო მედიტაცია, თან მყისიერი დაფიქსირებაც ფიქრისა თუ ხილვის გაელვებისა, უჩვეულო მოცემულობა საკუთარივე არსის – თვითობის შესაცნობად. შეიცნობ რა „ამჟამინდელ მეს,“ მისი წიაღიდან შენივე `სხვა მე” შემოგეფეთება, შედიხარ სხვა სიღრმეში და იქედან კიდევ ახალი სიღრმე გეხსნება… აი ასეთი ჭეშმარიტების გაცხადება იყო ჩემთვის ამ ადამიანის ლირიკასთან მიახლება.

ალუზიები, ასოციაციები, რემინისცენციები შემოგეჯარება მკითხველს, რადგან ზოგადი პლასტებით ავტორები საოცრად გვანან ერთმანეთს, მაგრამ თითოეული  ამგვარი მიმართება ძალზე სუბიექტურია, განაპირობებულია იმით, ამჟამად მეტწილად რა ტექსტებში ხარ თავჩარგული, ამიტომ თავს შევიკავებ ლიტერატურული პარალელებისაგან.

ქართულ პოეზიაში ასე ელეგანტურად, მომხიბვლელად შემოსული სხვა ავტორი არც მაგონდება. ექვს ათეულ წელს გადააბიჯა ჩუმად და უხმაუროდ, ცხოვრებისეული გამოცდილებით აივსო, შეგრძნებები იგუმანა შემეცნების წყაროდ, ფსიქიკური ცხოვრების საძირკვლად; პოეზიის ტვიფრით შეაბიჯა მეშვიდე ათწლეულშიც. ეს ის ასაკია, ადამიანები ძლივს რომ მიათრევენ ბიოლოგიურ ყოფას, მან კი ამ ასაკში პოეტური შთაგონებით აალებული სული დაითმინა, ჩვენც გადმოგვდო სულის ცეცხლი და სასიამოვნოდ გაგვაოცა. დადო ლექსების კრებული „არ წამიკითხო, თუ შეიძლება!“ (ზაურ გერგედავა, „არ წამიკითხო, თუ შეიძლება!“ გამომც. „ინტელექტი,“ თბ. 2011 წ.).

Continue reading “”

ხათუნა გოგია

სხვა ანთოლოგია

ლიტერატურა ცოცხალი პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ვითარდება, გამოსახვის ფორმები, ხერხები დროის განმავლობაში ძველდება და განახლებისკენ მიილტვის. ეს იმითაა გამოწვეული, რომ იცვლება კულტურის მკვიდრთა მსოფლმხედველობა, გემოვნება, მისწრაფებანი… დინამიურობა და ნოვაცია ხელოვნებისთვისუმაღლესი ღირებულებაა. ყველაფერი ის, რაც კულტურის წიაღში იქმნება, მის ზოგად სურათს ქმნის, მაგრამ სად, რაში ვეძიოთ ის იმპულსი, რაშიც განვითარების პერსპექტივაა დაფლული, როგორ გამოვიცნოთ ისეთი ავტორი თუ ნაწარმოები, რომელიც ყურადღების ღირსია, რადგან ასეთი ავტორებისა და შემოქმედების უყურადღებოდ დატოვება, სტაგნაციისა და მსოფლიო კულტურულ პროცესებთან ჩამორჩენის მხარდაჭერას ნიშნავს. აღიარებული ტექსტები თითქოს კარნახობენ, ამკვიდრებენ და აწესებენ სტანდარტებს. ყოველი ახალი თხზულება, რომელიც იქმნება, დავალებულია წინამორბედით და გარკვეულწილად პლაგიატია. იქმნება ე. წ. „სტანდარტები“ და კლასიკური ღირებულებები. მკითხველი ხშირად მოითხოვს, რომ ნაწარმოები „პასუხობდეს“ და „იჯდეს“ ამ სტანდარტებში. არადა, თუ ნაწარმოები მხოლოდ ავტორის ლიტერატურული და ინტელექტუალური გამოცდილებით შექმნილი ხელახალი, კვლავწარმოებული ტექსტია, თემატიკის, იდეების, მზამზარეული მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმების, ინტონაციების, განწყობების, რითმებისა და მელოდიის მორიგი მოდიფიკაციაა, მისი ღირებულება დროებითია. ასეთ ნაწარმოებებში, ერთი შეხედვით, „ყველაფერი რიგზეა“ და მკითხველთა გარკვეული წრეებში აღფრთოვანებასაც კი იმსახურებს, მაგრამ გამოცდილი მკითხველი, რომელიც, აუცილებლად, ასევე შემოქმედია, გრძნობს ამ „დალაგებულობის“ მიღმა არაფერია ისეთი, რაც ცოცხალია და სუნთქავს. ლიტერატურული მოვლენა, რომელიც სათავეს უდებს ახალ პროცესებს, ხშირად თავიდან დაწუნებული და ქილიკის მიზეზიც კი ხდება. მკითხველი უცებ ვერ გაითავისებს არაშაბლონურ, თვითმყოფად ნაწარმოებებს, ზოგიერთი მეტრული ლექსის მოლოდინით კითხულობს პოეზიას და როცა ვერ აფიქსირებს მკაცრ  რიტმსა და კეთილხმოვან რითმებს, პოეზია უამისოდ ვერ წარმოუდგენია, შეიძლება სისულელედაც კი მოეჩვენოს. სამწუხაროდ, არაიშვიათად აკადემიურ წრეებშიც გაკრთება ასეთი  განწყობილებები. ასეთ ვითარებაში გვიანდება ან საერთოდ არ ხდება ავტორისა და მისი ფასეული ნაწარმოების ლიტერატურულ ფაქტად აღიარება, მისი, როგორც ახალი მახასიათებლების, კოდებისა თუ ხერხების შემცველის – დაფასება და ლიტერატურულ პროცესში მისი კუთვნილი ადგილის განსაზღვრა. 

Continue reading “”