ნინო ვახანია

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი.

ებგურს“ გილოცავთ!..

სალიტერატურო გამოცემებით დღეს საქართველოში არა ვართ მაინცდამაინც განებივრებულნი. არადა, გონიერ კაცთათვის ხომ ცხადია, რომ ამქვეყნად ლიტერატურაზე დიდი პოლიტიკა არ არსებობს. Aამიტომაც ყოველი ჟურნალი თუ ალმანახი, მით უმეტეს არა დედაქალაქში, არამედ რეგიონში გამოცემული, საცა სამართალია, მოვლენად უნდა იქცეს.

ებგური მცველს, მოდარაჯეს ნიშნავსო, _ შეგვახსენებთ. საზღვრისპირა მხარეს განგებით სწორედ მენაპირეობა დაკისრებია არამარტო პოლიტიკურად, უპირველესად – სულიერად (საქართველოს გაერთიანებას ერთ დროს ხომ განაპირა მხარეში, ტაო-კლარჯეთში დაედო სათავე).

ოდითგან ევროპული ოჯახის წევრებს დღეს, სამწუხაროდ, შორიდან გვიჭირავს თვალი მსოფლიოსკენ. სხვამ რომ ღირსეულად გაგვიცნოს, შეგვაფასოს და დაგვაფასოს, საკუთარ საუნჯეს _ ნიჭს, გონიერებას ჯერ თვითონ უნდა მოვუაროთ. ამ უბრალო ჭეშმარიტების გაცნობიერებისა და მისით დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობის დასტურად მიმაჩნია ზუგდიდში, საქართველოს ერთ პატარა, მაგრამ კულტურული ტრადიციებით გამორჩეულ ქალაქში საზოგადოებრივ – სალიტერატურო ალმანახ `ებგურის~ გამოცემა.

ჩვენდა გასახარად, გამომცემელთ დიდი და სასიკეთო გეგმები აქვთ. პირველივე ნომერში ხელშესახებად ჩანს მრავალმხრივი ასპარეზი ყველა ასაკისა თუ სხვადასხვა სოციალური წრის, ლიტერატურული მიმდინარეობის შემოქმედთათვის. სამყაროს მრავალფეროვნება ასე უკუიფინა ალმანახში.

წარმატებული გამოცემის მესვეურნი მომავალშიც ვალდებულნი არიან, შეინარჩუნონ იმ მხატვრული, ძარღვიანი სიტყვის მადლი, ძალა, მაღალი სულიერება და სამშობლოს მოდარაჯის თვალი, რაც ასე კარგად ჩანს დასაწყისშივე. Eეს ალმანახიც იყოს საწინდარი იმისა, რომ ქალაქიც და მთელი ქვეყანაც დაიბრუნებს თავის Fფუნქციას, ღვთისგან დაკისრებულ მოვალეობას და დაუბრუნდება ევროპულ წიაღს წინსვლისა და განვითარების ბუნებრივი გზით.

მაია ჯალიაშვილი,

მწერალი, ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი

გილოცავთ!

ზუგდიდი, როგორც დიდი კულტურული ტრადიციების ევროპული ყაიდის ქალაქი, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. ვფიქრობთ, ახალი ალმანახი, ორიგინალური და საგულისხმო სახელწოდებით „ებგური“, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამედროვე ქართული ლიტერატურული ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. პირველ ნომერში დაბეჭდილი მასალა მოწმობს, რომ სამეგრელოში ნიჭიერი მწერლები ქმნიან დროის შესაბამისი სულისკვეთების მხატვრულ ტექსტებს, მათში მოჩანს როგორც ტრადიციების ერთგულება, ასევე ნოვატორული ძიებები, თამამი ექსპერიმენტები, წყურვილი ენის შენახვისა, დაცვისა და მისი ამოუწურავი შესაძლებლობების გამოვლინებისა. პოეზია, პროზა, თარგმანები, ესეები, მემუარები და სხვა ჟანრის ნაწარმოებები მოწმობენ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც არსებობს და რომელსაც გაზიარება სჭირდება. მკითხველთან დიალოგი კი უფრო მეტ სიცოცხლესა და ენერგიას შემატებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჟურნალის ინტელექტუალურ-ემოციურ სივრცეს ქმნიან.

დღეს არც ისე განებივრებულნი ვართ სალიტერატურო ჟურნალებით, ამიტომ სასიხარულოა ახალი ალმანახის დაარსება, რომელიც შემოიკრებს არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველოს ნიჭიერ ადამიანებს, ძველსა და ახალ თაობას, შესაძლებლობას მისცემს მწერლებს, სიტყვის საშუალებით გამოხატონ თანამედროვე ტექნოკრატიულ სამყაროში გაუცხოებული ადამიანის ბედი, მისი ტკივილი და სიხარული. მკითხველიც, რომელიც „არა პურითა ხოლო ცხონდება“, არამედ სიტყვით, ლოგოსით, სიხარულით დაელოდება საზრდოს, რომელიც შემოქმედთა ხელით მიეწოდება. დარწმუნებულნი ვართ, ეს ჟურნალი თავის სათქმელს იტყვის, რადგან ვხედავთ მის გარშემო შემოკრებილ პროფესიონალ და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანებს, რომელთაც სურთ და შეუძლიათ კიდეც საქართველოს სულიერი ცხოვრების გაამდიდრება.

პატივისცემითა და სიყვარულით მაია ჯალიაშვილი,

მწერალი, ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი.

თამარ ბარბაქაძე

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ლექსმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილი-
სის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერა-
ტურის ინსტიტუტი

ებგურის“ ქართული მზერა, ანუ „ჯერსაქართველო…“

2017 წელმა საქართველოს სალიტერატურო და საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიას შემატა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტიის მიერ გამოცემული ალმანახი „ებგური.“ ყოველწლიურ პერიოდულ ორგანოს ქალაქის მერია მფარველობს და, უეჭველია, მის მზეგრძელობას საფრთხე არ ემუქრება, ამიტომაც გვახარებს ჟურნალის დაბადება. ქალაქ ზუგდიდსა და, ზოგადად, სამეგრელოს ნიჭიერთა და სახელის მაძიებელთა სიმცირე არ ემუქრება, თუკი მათ შემწეობასა და ზრუნვას არ მოაკლებენ.

სარედაქციო კოლეგიის არჩევანი ალმანახისათვის „ებგურის“ დარქმევის თაობაზე დამაფიქრებელი და სასიხარულოა. მწერლობამ უნდა უდარაჯოს, უმზიროს, დაიცვას ერის ცხოვრება. „ებგურის“ მზერა არამც და არამც არ იქნება მხოლოდ ერთი კუთხისაკენ მიმართული. იგი მაღლიდან დაჰყურებს ქვეყანას.

ალბათ, აკაკის ღვთაებრივი სიმაღლიდან მოდარაჯე მზერას გულისხმობს გალაკტიონი, როდესაც „მეფე-პოეტისადმი“ მიძღვნილ ლექსში წერს:

…დიდხანს, დიდხანს არემარეს თავზე ადგა მცველად

და მღეროდა ისე გრძნობით, ისე გულდამწველად,

რომ სამშობლომ მისი ლანდი მტკიცედ შეიყვარა,

შეიყვარა და აკაკიც არ მომკვდარა, არა!

/გალაკტიონი, „აკაკის გარდაცვალების გამო“/

აღმართ-აღმართ მიმავალი აკაკის მიერ საქართველოს მოდარაჯე თვალით მიმოხილვა ილიას აჩრდილს – საქართველოს თანამდევი უკვდავი სულის მზერას ერწყმის, შორიდან ზვერავს, მეთვალყურეობს მტერთა მოძრაობას საზღვარზე (სულხან-საბა ორბელიანი, იოსებ გრიშაშვილი). ილიასა და აკაკის აჩრდილის, თორნიკე ერისთავის, გამზრდელის თვალთახედვა ახალი თაობის მესიტყვეთათვისაც ნაცნობი და გასაგებია. დანახულისა და შემჩნეულის „გასიგრძეგანება“, წაღმა-უკუღმა, ყოველი მხრისაკენ მჭრელი მზერა უნდა ჰქონდეს ებგურს – თანამდევს ყოველდღიურობისა და მარადიული ცხოვრებისა.

აქ დაბეჭდილია ავტორებისა და მთარგმნელების პროზა (მაია ღუბელაძე, გია ხუბუა, გური ოტობაია), პოეზია (ნიკა ლაშხია, ქუთაისში მოღვაწე სერგო წურწუმია, ჩაღრმავებით წაკითხვის ღირსი ზაალ ჯალაღონია, ზეინაბ სარია, ლაშა გვასალია, ხათუნა როგავა, ნანა ეხვაია, გიორგი შონია, ბექა ყორშია, ზურაბ ლოგუა, ტატო ჩანგელია), ესე (ხათუნა გოგია), დოკუმენტური პროზა (ზურაბ ცხონდია), ინტერვიუ (ბადრი წერედიანთან), ფერწერაზე დაწერილი წერილები (ემზარ ხვიჩია, ზაურ გერგედავა), მეგრული პოეზია – ასე საინტერესო და მრავალმხრივია ალმანახი.

ლექსი, პოეზია, რწმენასთან ერთად, მარტოობის დაძლევის უნივერსალური გზაა და „ებგურის“ პირველივე გვერდებიდან ნიკა ლაშხიას მინიმალისტური პოეზია გვარწმუნებს: უძველესი და უახლესი აზრი და სტრუქტურა კვლავ ერთიანია: ჰაიკუსა და ტანკას მსგვსი ლექსებით პოეტი ახლებურად გვესაუბრება მარადიულ თემებზე:

. . .

როცა წარმოვიდგენ, რომ მარტო ვარ,

თავი ღმერთი მგონია

და ვხვდები, რომ მარტო ვარ.

. . .

ეს ოთახი ჰაიკუსავით პატარაა,

მაგრამ დიდი ფანჯრები აქვს.

ერთსიტყვიანი პოეზიის თვალსაჩინო ნიმუშები, რომლებიც ზეინაბ სარიამ ჯერ კიდევ 2010 წელს გამოაქვეყნა, „ებგურის“ მკითხველსაც მონუსხავს. კენტი საავტორო სიტყვები („ჯერსაქართველო“ და ა.შ.), ლექსტმესებთან ერთად („შემოვინმელექსშივიდა“ და სხვ.) ორიგინალური პოეტიკური აღმოჩენების თანამონაწილედ გაქცევს.

ერთსიტყვიანი ლექსის „ჯერსაქართველო“ საიდუმლო ქარაგმა კონტურულად მოხაზულ მინიატურულ გრაფიკაში იხსნება (ტერიტორიებწაგვრილი ქვეყანა ჯერაც კვლავ საქართველოა) და თითქოს ზარის ჩამოკვრის ხმა გვესმის. ეს სიტყვა უკვე სხვა მნიშვნელობით ამოცურდება უსათაურო ლექსში „ჭირი რაღატომ გავგზავნო იქა?“

„…თუ ჯერ ჩვენა და ქვეყანა – მრე,

იმ ოქროს დროის მირაჟი გჯერსა?

მომწყურებია, გისურვო მე რომ…

და მაინც… მაინც… და მაინც ჯერ საქართველო.“

„ჯერსაქართველო,“ ანუ უწინარეს ყოვლისა მამულის ინტერესები!-გვითხრა ავტორმა.

ზეინაბ სარიას მიერ მიგნებული სარითმო წყვილი „გჯერსა- ჯერსაქართველო“ ჩაყრუებული რითმის იშვიათ ნიმუშად ჩაიწერება ეროვნული ლექსის ისტორიაში.

„ებგურის“ თვალსაწიერს განსაკუთრებით აფართოებს უცხოური პოეზიის თარგმანები: 250-გვერდიანი ჟურნალის თითქმის ნახევარი, თითქმის 130 გვერდი, გვაცნობს ევროპული, ამერიკული, რუსული პოეზიის შედევრების ახალ თარგმანებს: შექსპირის #12 სონეტს, უილიამ ბლეიკის, თომას ჰუდის, ემილი დიკინსონის, სტივენ კრეინის, ალექსანდრ ბლოკის, სერგეი ესენინის,რადიარდ კიპლინგის, პანტელეიმონ პეტრენკოს, მარინა ცვეტაევას, სილვია პლათის, მაია ანჯელოუს და სხვათა ლექსები ორიგინალიდან ქართულად უთარგმნიათ: სერგო წურწუმიას, ზეინაბ სარიას, ზაალ ჯალაღონიას, ხათუნა გოგიას.

„ებგურის“ ფურცლებზე 2008 წელს გარდაცვლილი პოეტისა და მთარგმნელის, აპოლონ ადონიას ძალიან კარგი, სიმაღლისა და მზისაკენ მზერამიმართული ლექსებია:

…აი პოეტი!- თქვა ბავშვმა და

ქაღალდზე ფანქრით დახატული

უზარმაზარი ბარჩხალა მზე ასწია ზევით!

სიტყვა „მზე-რა“ ხომ, გრიგოლ რობაქიძის თანახმად, მზეს უკავშირდება და დარაჯიც სხვა რაღაა, თუ არა ღამის მშვიდობის მცველი, მზის მეგობარი.

„ებგური“ ზუგდიდელი შემოქმედების ალმანახია, რომელიც სარედაქციო კოლეგიის მიერ ღრმად გააზრებული და ჯანსაღი ეროვნული ცნობიერების დამკვიდრების სურვილით, პოზიციას გამოკვეთს: საქართველოს გამთლიანებას, ქვეყნის დაწინაურებას, ეროვნული ხელოვნების „მსოფლიო რადიუსით“ გამრთვას ზუგდიდელები ისევე ემსახურებიან, როგორც მთელი სამშობლო. სწორედ ამ სულისკვეთებას განამტკიცებს ავთანდილ თორდიას საინტერესო წერილი „იოვანე მარუშის ძე – კაცი ძლიერი და ერ-მრავალი.“

„ებგურის“ პირველი ნომერი ცნობილი ჟურნალისტისა და ესეისტის, ბატონ ზურაბ ცხონდიას, ხსოვნას მიუძღვნეს კოლეგებმა, რომლებმაც ალმანახის დედო-ზარის, ფუძის ანგელოზის, სადღეგრძელოს როლი ზურაბ ცხონდიას დოკუმენტური პროზის ნიმუშებს დააკისრეს. სამეგრელო კოლხური ენითა და მეგრული ლექსის იშვიათი რიტმული ჟღერადობით ქართული კულტურის ღვიძლი და განუყოფელი ნაწილია. „ებგურის“ პირველ ნომერში დაბეჭდილი ლექსები („მეგრული პოეზიის ანთოლოგიიდან,“ 2016 წ.) ცხადყოფს თანამედროვე კოლხი პოეტების უტყუარ სმენასა და უძველესი მეგრული ლექსის ისტორიის განვითარებაში შეტანილ წვლილს. მეგრული ლექსისა და საერთოქართული ლექსწყობის პირველისწინა საფეხურის რეკონსტრუქციის პრობლემას იკვლევდა ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი აპოლონ სილაგაძე („მეგრული ლექსი,“თბ., 2012 წ.). მკვლევრის აზრით, მეგრული ლექსის მონაცემების გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელია, საერთო ქართული ლექსთწყობის ტიპოლოგიური კვალიფიკაციის საკითხი განიხილებოდეს.

„ებგურის“ დებიუტი გვაიმედებს, რომ მხატვრული და სამეცნიერო შემოქმედების ლაბირინთებში მისი ნათელი მზერაც შეგვეშველება.