ზეინაბ სარია

არ წამიკითხოო?..

მის ლექსებს რომ ვკითხულობ, სულ იმას ვფიქრობ, რომ წერის პროცესს (ხოლო მკითხველისთვის – კითხვის, წვდომის, მიხვედრის პროცესს) შეუძლია ავტორი (ან მკითხველი) საკუთარი ზღვარდადებული ცნობიერებიდან აიყვანოს უფრო მაღალ და ვრცელ  არეში, ზეცნობიერში; კალმის საშუალებით თვითგამოხატვა, კალამთან შეზრდა საკუთარი მენტალობის შესაძლებლობათა გაფართოებაა, შეზღუდულ-შემოსაზღვრული ჯადოწრის მიჯნათა გარღვევაა. ეს იმიტომ, რომ კალამთან შესისხლხორცება სხვა არა არის რა, თუ არა უშუალო მედიტაცია, თან მყისიერი დაფიქსირებაც ფიქრისა თუ ხილვის გაელვებისა, უჩვეულო მოცემულობა საკუთარივე არსის – თვითობის შესაცნობად. შეიცნობ რა „ამჟამინდელ მეს,“ მისი წიაღიდან შენივე `სხვა მე” შემოგეფეთება, შედიხარ სხვა სიღრმეში და იქედან კიდევ ახალი სიღრმე გეხსნება… აი ასეთი ჭეშმარიტების გაცხადება იყო ჩემთვის ამ ადამიანის ლირიკასთან მიახლება.

ალუზიები, ასოციაციები, რემინისცენციები შემოგეჯარება მკითხველს, რადგან ზოგადი პლასტებით ავტორები საოცრად გვანან ერთმანეთს, მაგრამ თითოეული  ამგვარი მიმართება ძალზე სუბიექტურია, განაპირობებულია იმით, ამჟამად მეტწილად რა ტექსტებში ხარ თავჩარგული, ამიტომ თავს შევიკავებ ლიტერატურული პარალელებისაგან.

ქართულ პოეზიაში ასე ელეგანტურად, მომხიბვლელად შემოსული სხვა ავტორი არც მაგონდება. ექვს ათეულ წელს გადააბიჯა ჩუმად და უხმაუროდ, ცხოვრებისეული გამოცდილებით აივსო, შეგრძნებები იგუმანა შემეცნების წყაროდ, ფსიქიკური ცხოვრების საძირკვლად; პოეზიის ტვიფრით შეაბიჯა მეშვიდე ათწლეულშიც. ეს ის ასაკია, ადამიანები ძლივს რომ მიათრევენ ბიოლოგიურ ყოფას, მან კი ამ ასაკში პოეტური შთაგონებით აალებული სული დაითმინა, ჩვენც გადმოგვდო სულის ცეცხლი და სასიამოვნოდ გაგვაოცა. დადო ლექსების კრებული „არ წამიკითხო, თუ შეიძლება!“ (ზაურ გერგედავა, „არ წამიკითხო, თუ შეიძლება!“ გამომც. „ინტელექტი,“ თბ. 2011 წ.).

Continue reading “”

ხათუნა გოგია

სხვა ანთოლოგია

ლიტერატურა ცოცხალი პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ვითარდება, გამოსახვის ფორმები, ხერხები დროის განმავლობაში ძველდება და განახლებისკენ მიილტვის. ეს იმითაა გამოწვეული, რომ იცვლება კულტურის მკვიდრთა მსოფლმხედველობა, გემოვნება, მისწრაფებანი… დინამიურობა და ნოვაცია ხელოვნებისთვისუმაღლესი ღირებულებაა. ყველაფერი ის, რაც კულტურის წიაღში იქმნება, მის ზოგად სურათს ქმნის, მაგრამ სად, რაში ვეძიოთ ის იმპულსი, რაშიც განვითარების პერსპექტივაა დაფლული, როგორ გამოვიცნოთ ისეთი ავტორი თუ ნაწარმოები, რომელიც ყურადღების ღირსია, რადგან ასეთი ავტორებისა და შემოქმედების უყურადღებოდ დატოვება, სტაგნაციისა და მსოფლიო კულტურულ პროცესებთან ჩამორჩენის მხარდაჭერას ნიშნავს. აღიარებული ტექსტები თითქოს კარნახობენ, ამკვიდრებენ და აწესებენ სტანდარტებს. ყოველი ახალი თხზულება, რომელიც იქმნება, დავალებულია წინამორბედით და გარკვეულწილად პლაგიატია. იქმნება ე. წ. „სტანდარტები“ და კლასიკური ღირებულებები. მკითხველი ხშირად მოითხოვს, რომ ნაწარმოები „პასუხობდეს“ და „იჯდეს“ ამ სტანდარტებში. არადა, თუ ნაწარმოები მხოლოდ ავტორის ლიტერატურული და ინტელექტუალური გამოცდილებით შექმნილი ხელახალი, კვლავწარმოებული ტექსტია, თემატიკის, იდეების, მზამზარეული მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმების, ინტონაციების, განწყობების, რითმებისა და მელოდიის მორიგი მოდიფიკაციაა, მისი ღირებულება დროებითია. ასეთ ნაწარმოებებში, ერთი შეხედვით, „ყველაფერი რიგზეა“ და მკითხველთა გარკვეული წრეებში აღფრთოვანებასაც კი იმსახურებს, მაგრამ გამოცდილი მკითხველი, რომელიც, აუცილებლად, ასევე შემოქმედია, გრძნობს ამ „დალაგებულობის“ მიღმა არაფერია ისეთი, რაც ცოცხალია და სუნთქავს. ლიტერატურული მოვლენა, რომელიც სათავეს უდებს ახალ პროცესებს, ხშირად თავიდან დაწუნებული და ქილიკის მიზეზიც კი ხდება. მკითხველი უცებ ვერ გაითავისებს არაშაბლონურ, თვითმყოფად ნაწარმოებებს, ზოგიერთი მეტრული ლექსის მოლოდინით კითხულობს პოეზიას და როცა ვერ აფიქსირებს მკაცრ  რიტმსა და კეთილხმოვან რითმებს, პოეზია უამისოდ ვერ წარმოუდგენია, შეიძლება სისულელედაც კი მოეჩვენოს. სამწუხაროდ, არაიშვიათად აკადემიურ წრეებშიც გაკრთება ასეთი  განწყობილებები. ასეთ ვითარებაში გვიანდება ან საერთოდ არ ხდება ავტორისა და მისი ფასეული ნაწარმოების ლიტერატურულ ფაქტად აღიარება, მისი, როგორც ახალი მახასიათებლების, კოდებისა თუ ხერხების შემცველის – დაფასება და ლიტერატურულ პროცესში მისი კუთვნილი ადგილის განსაზღვრა. 

Continue reading “”

ზეინაბ  სარია

„დედაჩემმა მითხრა, რომ“

დიდი გალაკტიონი პოეზიისათვის მნიშვნელოვან რაობად აღიქვამდა ტექსტში ეპოქის აღბეჭდვას, დროების გამოხატვას და ამბობდა: 

„ბევრი მიეცა ტალახსა და ლექს, 

ბევრის ნაბიჯი არის ტაატი…

დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს

ეს წელიწადი, დღე და საათი.“

რასაკვირველია, ამ სიტყვებში მხოლოდ დაწერის თარიღის მიწერა არ იგულისხმება. „დროის აღნიშვნა“ გულისხმობს და ითავსებს ორმაგ მნიშვნელობას: ტექსტის შექმნის კალენდარული დროის აღნიშვნასთან ერთად შენი დროების პოეტური ფოტოების გამჟღავნებას, ეპოქის ტენდენციების შეცნობასა და გამოხატვას; იმის აღბეჭდვას, რასაც „დროის სულს“ უწოდებენ. ამიტომ ყოველთვის თანადროული იქნება გალაკტიონის სიტყვები: 

Continue reading “”

ზეინაბ   სარია

“ასი უძველესი იაპონური ლექსი”

(იაპონურიდან თარგმნა ირმა რატიანმა, გამომც. ინტელექტი, 2019 წ.)

ღია ცის ქვეშ გლეხები თავთავს მკიან. მათი სახურავი საავდრო ღრუბლებია. მომუშავეებს სახელდახელოდ გამართული ფანჩატურიდან გასცქერის იმპერატორი, რომელიც სახურავქვეშ კი დგას, მაგრამ შიშობს, რომ ეს სადგომი წვიმისგან მაინც ვერ დაიფარავს. იმპერატორი ადამიანურ ემოციებს შეუპყრია, გახედავს რეალურსა თუ ირეალურ სივრცეს, მობოჭავს მზერით, თვალებში მოიქცევს წარმავალსა და წარუვალს და არსებობის საკრალურობას მისწვდება ფიქრით.

სამყაროს შეცნობის იაპონური მოდელია ტანკაში. ამას წიგნის პირველივე ხუთტაეპედიც გვაგრძნობინებს, VII საუკუნის იაპონელ იმპერატორ ტენჩის რომ ეკუთვნის და ამ პატარა წერილის დასაწყისშივე დავიმოწმებ:

შემოდგომის ამ ღრუბლიან დილით

ოქროსფერ თავთავს მკიან გლეხები,

ფანჩატურიდან გავცქერი ყანას

და მაფრთხობს ფიქრი:

ვერ დამიფარავს წვიმისაგან სადგომი ჩემი…

იმპერატორის წინაშე ვალდებულებას ღრუბლიან ამინდში სამუშაოდ გამოუყვანია გლეხები, მაგრამ ხელისუფლის ძალა არ ვრცელდება ბუნებაზე, წვიმას არანაირი ვალდებულება არა აქვს მის წინაშე, ამიტომაც მისგან თავი დასაცავია. ეგ – ერთი გაფიქრებით.

Continue reading “”

ხათუნა გოგია

“ასი უძველესი იაპონური ლექსი”

(იაპონურიდან თარგმნა ირმა რატიანმა, გამომც. ინტელექტი, 2019)

,,მხატვრული თარგმანი მხატვრული შემოქმედების ფორმაა, რომელშიაც დედანი ასრულებს იმავე როლს, რასაც ორიგინალური შემოქმედებისათვის ცოცხალი სინამდვილე“ (ფანჯიკიძე 1988: 6). თარგმანისთვის შთაგონების წყარო არის დედანი, როგორც ორიგინალისთვის – რეალობა.  ირმა რატიანისათვის ასეთი შთამაგონებელი ცოცხალი სინამდვილე – დედანი –  იაპონური პოეზიის 100 უძველესი ნიმუში  – გამხდარა. იაპონური პოეზიის მთარგმნელის წინაშე დგება სერიოზული ამოცანა –  არა მხოლოდ ერთი ენიდან მეორეზე,  არამედ სრულიად სხვა ეპოქიდან და კულტურიდან გადმოიტანოს ევროპულისაგან სრულიად განსხვავებული ტექსტები ისე, რომ  შენარჩუნდეს ისტორიულ-კულტურული და მსოფლმხედველობრივი კონტექსტი. წიგნი ინტერესს იწვევს მრავალმხრივ: ორიგინალური დიზაინით, მასალის კონფიგურაციით, ტექსტების შინაარსისა და ფორმის ურთიერთმიმართების, განცდის, დრო-სივრცისა თუ ფილოსოფიური ჭვრეტის, ტექსტისა და მის მიღმა საგულისხმებელი ქვეტექსტის, მხატვრული სახეების ეკვივალენტების გადმოცემის თვალსაზრისით….

Continue reading “”

მაკო ჯანჯიბუხაშვილი

პაატა შამუგია და გავლენის უშიშარობა

საკითხი ასე უნდა დაისვას: ვისთვის წერს პოეტი, მტირალა გოგოებისთვის, რომელთაც სატრფომ აწყენინა და წყენას პოეტის სტრიქონები უამებს, თუ  პოეტებისთვის, რომელთაც შენამდე თქვეს, დაგიტოვეს საქმე და, რაკი ამქარში ჩაეწერე, ვალდებული ხარ, არ მოიპარო, არამედ მხოლოდ შემდეგი სართულის დაშენებაზე იფიქრო  და მომავალს დაუტოვო ღია  ფიჭები თაფლის ჩასასხმელად. არ არის აუცილებელი, თაფლი ტკბილი იყოს, უფრო პირიქით, არც უნდა იყოს ტკბილი, მხოლოდ უნდა აგონებდეს ყველა შემდგომს, რომ ის ნამდვილად თაფლია ანუ უხრწნელი საკვები, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.

“მკითხველს ვერ უშველის იმის მოთხოვნა, რომ მას სურს, სიტყვები იყვნენ ისეთნი, როგორნიც არიან და თითოეულს, უბრალოდ, ერთი მნიშვნელობა ჰქონდეს; რადგან როგორც ხალხს, სიტყვებსაც არ შეუძლიათ ახლო ურთიერთობა ისე, ერთმანეთზე რომ არ იმოქმედონ და პოეტის ნიჭის ერთ-ერთი გამოცდა არის ისიც, თუ რამდენად იცის, რა მიზანი მიანიჭა თავის სტრიქონებს, თუ რა ძალა მიანიჭა რიტმის დინებამ სიტყვებს გასათავისუფლებლად” – ფრენსის ოტო მატისენი ტომას სტერნზ ელიოტზე.

Continue reading “”

სოფო  წულაია

სამყარო, სადაც მიზიდულობის ძალა არ მოქმედებს

“ტყეც რომ ამოაყირავო, ერთ ფესვს ვერ იპოვი ვერსად,

საზარელი სიზმარივითაა მიწაზე დაუმაგრებელი სამყარო,“ –  ვკითხულობთ მაია სარიშვილის ლექსში „ასე არ გამოვა“…  და მართლაც, თუ ყველას ჩვენი სამყარო გვაქვს, რომელიც სხვებისას  ოდნავაც არ ჰგავს, სამყარო, რომელსაც მარტო ჩვენი სურნელი, ფერი და გემო   აქვს, სამყარო, რომელიც მარტო ჩვენს შეხებებს იმახსოვრებს, მისი სამყარო სხვებისგან ალბათ, იმით გამოირჩევა, რომ  იქ საგნებს შორის მიზიდულობის ძალა საერთოდ აღარ მოქმედებს, ამიტომ ყველაფერი, რასაც ნივთიერი ფორმა აქვს,   ასევე ისიც, რისი შეცნობა და შეგრძნებაც შესაძლებელია, უსაფრთხოდ, უწყინრად დასრიალებს სივრცეში, თავისუფლად გადაადგილდება ერთი პოლუსიდან  მეორეში, ამიტომ სწორედ იქ აღმოჩნდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ელი მასთან შეხვედრას…

Continue reading “”

ზეინაბ სარია 

ტერენტი  გრანელი და  თანამედროვეობა

ანოტაცია: ნაშრომში განხილულია ტერენტის გრანელის პოეტური სტილის თავისებურებები. არსებობს წიგნები საბჭოთა სინამდვილეში მცხოვრები და საოცრად არასაბჭოთა პოეტის _ გრანელის ცხოვრებაზე (ლერი ალიმონაკი, გიორგი ცქიტიშვილი, რეზო ადამია, თენგიზ ვერულავა…), მაგრამ ნაკლებია მის პოეზიაზე დაწერილი სამეცნიერო ნაშრომები. 

ეს კვლევა არის ცდა, აიხსნას, რატომ დაინტერესდა დღევანდელი მკითხველი გრანელის ლექსებით და რატომ წარმოჩინდა იგი თანამედროვე პოეტად. 

ნაშრომში საუბარია საკუთარ სალექსო კომპოზიციაზე, რომელიც შექმნა გრანელმა _ ორსტროფიან მთლიანობაზე, რომელშიც ტაეპები სპეციფიკური წესით მეორდება. 

კვლევის პროცესში გამოყენებულია ტექსტზე დაკვირვებისა და კომპარატივისტული მეთოდები, გამოვლენილია ინტერესი როგორც სხვა კულტურულ სინამდვილეში, ისე გრანელისავე ეპოქაში შექმნილი მხატვრული ტექსტის მიმართ.

Continue reading “”

ლექსო დორეული

                              აღდგომა სიკვდილის გარეშე.

                              ხმაურის ისტორია.

                              თავბრუდამხვევი  სიები.

                              სიკვდილი და სტატისტიკა.

                                  „ველინები“ და დუმილი.

                              პაროდიის საფრთხე 

                              Sacré Derrida!

წინათ ველინა ამბობდა: „ადამიანებს უღირსი საქციელისკენ რომ არ                              ვუბიძგოთ, მასზე არ უნდა ვილაპარაკოთ.“ თანამედროვე ცენზურა კი ამბობს: „იმისთვის,   რომ უღირს საქციელზე არ ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრი უნდა ვილაპარაკოთ სხვა თემაზე. ბევრჯერ მიფიქრია, ვთქვათ, თუ შემთხვევით გავიგე, რომ ხვალ პრესამ ჩემს უმსგავსო საქციელზე უნდა ისაუბროს, რაც დიდ ზიანს მომაყენებს, რას ვიზამდი? რას და წავიდოდი და პოლიციის შენობასთან ან სადგურთან ბომბს დავდებდი. მეორე დღეს გაზეთების პირველი გვერდი ამ ამბავს დაეთმობოდა და ჩემი პატარა პირადი სკანდალი ქრონიკაში, ბოლო გვერდებზე გადაინაცვლებდა. მაშ, ვინ იცის, სინამდვილეში რამდენი ბომბი დაიდო იმისთვის, რომ გაზეთების პირველი გვერდებიდან სხვა ინფორმაცია გამქრალიყო. ბომბის მაგალითი ფონეტიკურადაც შესაფერისია, რადგან ზუსტად იმ დიდი ხმაურის მაგალითია, რომელიც ყოველივე დანარჩენს სიჩუმედ აქცევს

Continue reading “”

ნინო დარბაისელი

(მცირე გალაკტიონოლოგიური ოპუსებიდან) 1. მოხუცი მამა სასხლავით ხელში

– – – – –
არსებობს ამ ლექსის საუკეთესო ანალიზი, რომლის ავტორიც თეიმურაზ დოიაშვილია.
ამ უპირველესი გალაკტონოლოგის ყველა გამოკვლევას ერთი საერთო რამ ახასიათებს. არა მარტო ახლიდან, ახალი თვალით გაკითხებს თითქოს აქამდე კარგად ნაცნობ ტექსტს, ახალ სიღრმეებსა თუ პლასტებს აღმოგაჩენინებს, არამედ მუდმივი დიალოგის რეჟიმში გტოვებს, როგორც მკითხველს. გაიძულებს, კვლავ და კვლავ მიუბრუნდე ტექსტსაც და მკვლევრის ნააზრევსაც მასზე.

მცირე დაკვირვება, რომელსაც აქ გთავაზობთ, უთუოდ ამ გარემოებით არის ინსპირირებული.

ჩემი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გალაკტიონის შესწავლას მიეძღვნა.
მისი ლექსებისა თუ ცალკეული სახეების განსხვავებული, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციების  გაცნობის დროს არ მტოვებდა  რაღაც, დაახლოებით ასეთი ფიქრი:
-რატომ ან ასე ან ისე?
ერთი პოზიცია რატომ გამორიცხავს მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ.
– იქნებ ერთდროულად ასეც, ისეც და კიდევ სხვანაირად?
უნდა გასულიყო დრო  და მივსულიყავი დასკვნამდე, რომ ეს სწორედ გალაკტიონის ჩანაფიქრი იყო, ერთ ლექსში, ერთ სახეში, ერთ სიტყვაში მრავალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი  პლასტი შეეთავსებინა.
      ასე ჯდება იგი სიმბოლისტური ესთეტიკის კონტექსტში, და არ მგონია,  მთლად ვცდებოდე, თუ ვიტყვი, რომ  სწორედ ეს განსაზღვრავს მისი, როგორც პოეტი-სიმბოლისტის  ინდივიდუალურ სახეს.
უნდა ვაღიარო, რომ მე  თავის დროზე ხელიდან გავუშვი უნიკალური შანსი, ერთ ლექსის ,,უცნაური სასახლის” შესახებ გამოკვლევაში გამოკვეთილად მეჩვენებინა ეს გარემოება. დღემდე მახსოვს ჩემი საყვარელი მეგობრისა და კოლეგის  კოკა ბრეგაძის  სავსებით ამართლიანი, საჯარო შენიშვნა, მოხსენების კითხვისას, იქ შეწყვიტე კვლევა, საიდანაც განვითარებას მოველოდიო.

Continue reading “”